მომსახურების პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა
მომსახურების პირობები
1. ვინ ვართ
Unicraft-ს („მომსახურება“) გთავაზობთ შპს „უნიკრაფტი“ (საიდენტიფიკაციო კოდი 440895159), საქართველო („Unicraft“, „ჩვენ“). კონტაქტი: [email protected].
2. მომსახურება
Unicraft არის ონლაინ ინსტრუმენტი სამშენებლო პროექტების სამართავად: გრაფიკი, სამშენებლო მოედნის დღიური ჟურნალი, ფოტოები, შეფერხებები, ხარვეზები, კონტრაქტორები, გადახდები, ანგარიშები და სხვა ჩანაწერები. ზოგიერთი ფუნქცია იყენებს ხელოვნურ ინტელექტს (Google) ტექსტის დასამუშავებლად, სათარგმნად და პროექტზე კითხვებზე პასუხის გასაცემად.
3. კომპანიები და ანგარიშები
- მომსახურებით სარგებლობენ კომპანიები („კლიენტები“). თითოეულ კომპანიას ჰყავს ერთი ან მეტი ადმინისტრატორი, რომელიც წყვეტს, ვის შეუძლია მისი გამოყენება კომპანიაში და რისი ნახვა და კეთება შეუძლია თითოეულს.
- კლიენტი პასუხისმგებელია მის მიერ მოწვეულ პირებზე, მათი წვდომის განახლებაზე და შეყვანილ ინფორმაციაზე.
- პაროლი შეინახეთ საიდუმლოდ. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ანგარიში სხვამ გამოიყენა, მაშინვე შეგვატყობინეთ.
- უნდა იყოთ მინიმუმ 18 წლის და გქონდეთ უფლება, იმოქმედოთ თქვენი კომპანიის სახელით.
- ქართული კომპანია რეგისტრირდება საიდენტიფიკაციო კოდით, ხოლო მისი სახელი აიღება საჯარო რეესტრიდან. უცხოური კომპანია უთითებს თავისი ქვეყნის სარეგისტრაციო ნომერსა და სახელს; ამ მონაცემებს ჩვენ ვერ ვამოწმებთ და ისინი აღინიშნება როგორც „დაუდასტურებელი“. კომპანია პასუხისმგებელია, რომ მისი მონაცემები სწორია. ფიზიკური პირი, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, რეგისტრირდება პირადი ნომრითა და საკუთარი სახელით; მისი ანგარიში დროებით დაუდასტურებლად იქნება აღნიშნული ადმინისტრატორის დასტურამდე. რეგისტრაცია, რომლის ელფოსტაც 10 წუთში არ დადასტურდება, შეწყდება.
4. შემსრულებელი ფირმები
- კლიენტს შეუძლია, თავისი პროექტის შემსრულებელი დააკავშიროს ამ შემსრულებლის საკუთარ კომპანიასთან მომსახურებაში, მისი საიდენტიფიკაციო ან სარეგისტრაციო ნომრით. კავშირი იწყება მხოლოდ მაშინ, როცა შემსრულებლის ადმინისტრატორი დაეთანხმება.
- დათანხმების შემდეგ შემსრულებლის ადმინისტრატორები და მის მიერ არჩეული ადამიანები ხედავენ მხოლოდ ამ შემსრულებლის სამუშაოს იმ პროექტზე: მისი გრაფიკის პუნქტებს, ხარვეზებსა და შეუსაბამობის აქტებს ფოტოებით, ცვლილებებს (თანხების გარეშე), უსაფრთხოების მოვლენებსა და ინსტრუქტაჟებს და მის კონტრაქტის ფაილებს. მათ შეუძლიათ საკუთარი ხარვეზი მონიშნონ გამოსწორებულად, შენიშვნითა და ფოტოებით; მას კლიენტი ამოწმებს და ხურავს. კლიენტის დღიურ ჟურნალს, ანგარიშებს, ფინანსებს, შეფერხებებს, ფართებსა და სხვა შემსრულებლებს ისინი ვერ ხედავენ.
- მოწვეულ პროექტებზე წვდომა შემსრულებლისთვის უფასოა, მისი საკუთარი საცდელი პერიოდისა და სტატუსის მიუხედავად.
- კლიენტს შეუძლია კავშირის ნებისმიერ დროს შეწყვეტა; წვდომა მაშინვე წყდება. შემსრულებლის მიერ დამატებული შენიშვნები და ფოტოები კლიენტის პროექტში რჩება.
- თითოეული მხარე პასუხისმგებელია საკუთარ ადამიანებზე და იმაზე, რასაც ისინი შეიყვანენ.
5. უფასო დაწყება, ბალანსი და გადახდა
- ახალი კომპანიის პირველი პროექტი ერთი თვით უფასოა. ამ დროს ყველაფერი მუშაობს, გარდა AI ფუნქციებისა.
- პროექტები იხდება წინასწარ, თვეებით (1 თვე = ერთი პროექტი ერთი თვით): კომპანია ყიდულობს ერთ თვეს ან პაკეტს (პროგრამა ან კონსიერჟი) სისტემის „ანგარიშსწორების“ გვერდზე. ყიდვისას ინვოისი მაშინვე გაიცემა; თვეები ემატება ბალანსს მისი გადახდისას. პირველი შეძენით კომპანია აქტიურდება და AI ფუნქციები ირთვება.
- პროექტის გახსნა იყენებს მისი გეგმის ერთ თვეს, შემდეგ კი, ყოველთვიურად იმავე რიცხვში, მომდევნოს. პროექტის წაშლისას გამოყენებული თვეები არ ბრუნდება. თუ პროექტი დასრულებულად მოინიშნა მიმდინარე თვის პირველ 7 დღეში, ეს თვე ბალანსს უბრუნდება. გეგმის (პროგრამა/კონსიერჟი) შეცვლა შეუძლია Unicraft-ს და მოქმედებს მომდევნო თვიდან.
- თითოეულ აქტიურ კომპანიას აქვს ჩვენთან შეთანხმებული AI-ის გამოყენების თვიური რაოდენობა. მისი ამოწურვისას AI ფუნქციები ჩერდება მომდევნო თვემდე ან ლიმიტის გაზრდამდე.
- თუ მიმდინარე პროექტს გასაგრძელებელი თვე აღარ აქვს, ან ინვოისი დროულად არ გადაიხადეს, კომპანია გადადის წაკითხვის რეჟიმში: მისი თანამშრომლები კვლავ ხედავენ და გაიტანენ ყველაფერს, მაგრამ ვერაფერს შეცვლიან. გააქტიურება სრულ წვდომას აღადგენს.
- ერთი თვის ფასი და პაკეტების ფასდაკლება მითითებულია unicraft.ge-ზე და სისტემაში, თუ თქვენი შეთავაზება სხვას არ ითვალისწინებს. დასრულებული პროექტი ონლაინ რჩება და სრულად იკითხება, უფასოდ, სანამ კომპანია მას ინახავს. ყველა ფასი მოიცავს დღგ-ს.
- თითოეულ კომპანიას აქვს ერთი მეხსიერება ყველა მისი პროექტისთვის (ფოტოები, ფაილები, ხელშეკრულებები): 2 GB უფასოდ. კომპანიის ადმინისტრატორებს შეუძლიათ დაამატონ სასურველი რაოდენობის GB „ანგარიშსწორების“ გვერდზე - 0,60 ₾ თითო GB-ზე თვეში (დღგ-ს ჩათვლით), თუ თქვენი შეთავაზება სხვას არ ითვალისწინებს; რაოდენობის შეცვლა ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგრამ არა იმაზე ნაკლებით, რასაც კომპანიის ფაილები უკვე იკავებს - შესამცირებლად ჯერ ფაილები ან დასრულებული პროექტები უნდა წაიშალოს. მეხსიერების შევსებისას (და მის ზემოთ მცირე რეზერვის ამოწურვისას) ახალი ფაილების ატვირთვა ჩერდება, მანამდე ატვირთული კი ყოველთვის ინახება და იხსნება.
- პაკეტების გარდა, ინვოისს გიგზავნით თვეში ერთხელ, თვის დასრულების შემდეგ: დამატებით მეხსიერებაზე და შეთანხმებულ დამატებით მომსახურებებზე (ერთჯერადად ან ყოველთვიურად). ინვოისები ჩანს სისტემის „ანგარიშსწორების“ გვერდზე კომპანიის ადმინისტრატორებისთვის.
- ინვოისი იხდება საბანკო გადარიცხვით, მასში მითითებულ ვადაში (ჩვეულებრივ 10 დღე), დანიშნულებაში ინვოისის ნომრის მითითებით.
- პროგრამის გარდა, Unicraft პროექტისთვის გთავაზობთ სერვისს კონსიერჟი (1 200 ₾ პროექტზე, თვეში): ჟურნალს, ფოტოებსა და დოკუმენტებს გვიგზავნით WhatsApp-ით, ჩვენ კი მათ მომსახურებაში ვავსებთ. რას მოიცავს სერვისი, განისაზღვრება თქვენს შეთავაზებაში.
- როცა ჩანაწერებს ჩვენ ვავსებთ, ვეყრდნობით თქვენ მიერ გამოგზავნილს და ობიექტზე დანახულს. შეამოწმეთ ისინი ისე, როგორც საკუთარი თანამშრომლების ნამუშევარს; მათზე დაყრდნობით მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა თქვენზე რჩება.
6. თქვენი მონაცემები თქვენია
- თუ კომპანია 12 თვის განმავლობაში არ იყენებს და არ ყიდულობს პროექტის თვეს, არ იხდის დამატებით მეხსიერებაზე და მისი არცერთი თანამშრომელი არ შემოდის სისტემაში, ის არააქტიურად ითვლება. ამის შესახებ სისტემაში ვატყობინებთ მის ადმინისტრატორებს და 30 დღის შემდეგ კომპანია და მისი მონაცემები შეიძლება წაიშალოს. ამ ვადამდე სისტემაში შემოსვლა ან შეძენა კომპანიას ინარჩუნებს. წაშლამდე ჩამოტვირთეთ პროექტების არქივები.
- ყველაფერი, რასაც თქვენი კომპანია შეიყვანს ან ატვირთავს („კლიენტის მონაცემები“), ეკუთვნის თქვენს კომპანიას.
- გვაძლევთ ნებართვას, შევინახოთ, დავამუშაოთ და გამოვაჩინოთ კლიენტის მონაცემები მხოლოდ იმდენად, რამდენადაც საჭიროა მომსახურების გასაწევად, უსაფრთხოებისა და თქვენი მხარდაჭერისთვის.
- მონაცემების გატანა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, მათ შორის, როცა კომპანია წაკითხვის რეჟიმშია.
- ადასტურებთ, რომ გაქვთ უფლება, შეიყვანოთ მომსახურებაში არსებული მონაცემები, მათ შორის თქვენი თანამშრომლების, კონტრაქტორებისა და კლიენტების პერსონალური მონაცემები.
7. AI ფუნქციები
AI-ის შედეგი (გასწორებული ან ნათარგმნი ტექსტი, პასუხები, შეჯამებები) შეიძლება იყოს არასწორი ან არასრული. სანამ დაეყრდნობით, შეამოწმეთ, განსაკუთრებით ხელშეკრულებების, გადახდების, პრეტენზიებისა და უსაფრთხოების საკითხებში. AI ფუნქციისთვის გაგზავნილ ტექსტს ამუშავებს Google (იხ. კონფიდენციალურობის პოლიტიკა).
8. დასაშვები გამოყენება
არ გამოიყენოთ მომსახურება კანონის დასარღვევად, მავნე პროგრამის ასატვირთად, სხვა კომპანიების მონაცემებზე წვდომის მოსაპოვებლად, მომსახურების გადატვირთვის ან შეტევისთვის, ან ჩვენი წერილობითი თანხმობის გარეშე გადასაყიდად. ასეთ ანგარიშს შეიძლება შევუჩეროთ წვდომა.
მომსახურება - მისი პროგრამული კოდი, დიზაინი, ეკრანები, ფუნქციები და ტექსტები - Unicraft-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. აკრძალულია მისი კოპირება, დეკომპილაცია ან სხვაგვარი შესწავლა მისი აგებულების დასადგენად (reverse engineering), მონაცემებისა თუ ეკრანების ავტომატური შეგროვება და მომსახურების ან მისი ეკრანის ანაბეჭდების, აღწერების თუ ნაწილების (მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების დახმარებით) გამოყენება მსგავსი ან კონკურენტი პროდუქტის შესაქმნელად. ანგარიშის გახსნა ამ მიზნით, ან მისი გაზიარება ასეთი მიზნის მქონე პირისთვის, ასევე აკრძალულია. დარღვევისას ანგარიშს დაუყოვნებლივ დავხურავთ და ვიტოვებთ უფლებას, მოვითხოვოთ მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9. ხელმისაწვდომობა და მხარდაჭერა
ვცდილობთ, მომსახურება მუდმივად ხელმისაწვდომი იყოს და თქვენი მონაცემები - დაცული, თუმცა ვერ დაგპირდებით, რომ ის არასოდეს შეწყდება ან შეცდომების გარეშე იქნება. შეიძლება ფუნქციები გავაუმჯობესოთ ან შევცვალოთ. მხარდაჭერისთვის მოგვწერეთ: [email protected]. მომსახურების სამართავად და დასახმარებლად Unicraft-ის დამფუძნებლები და თანამშრომლები ხედავენ კომპანიების მონაცემებს - მათი შეცვლის გარეშე; ამას ვაკეთებთ მხოლოდ მხარდაჭერის, ანგარიშსწორებისა და უსაფრთხოებისთვის.
10. პასუხისმგებლობა
კანონით დაშვებულ ფარგლებში Unicraft არ არის პასუხისმგებელი არაპირდაპირ ზიანზე (მაგ., მიუღებელ მოგებაზე, დაკარგულ ხელშეკრულებებზე ან დაყოვნების ხარჯებზე), ხოლო კლიენტის წინაშე ჩვენი ჯამური პასუხისმგებლობა შემოიფარგლება იმ თანხით, რომელიც ამ კლიენტმა გადაგვიხადა პრეტენზიამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში. ეს პირობები არ ზღუდავს პასუხისმგებლობას, რომლის შეზღუდვაც კანონით დაუშვებელია.
11. დასრულება
- მომსახურებით სარგებლობის შეწყვეტა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ჩვენთვის შეტყობინებით. ჩვენ შეგვიძლია მისი შეწყვეტა 30 დღით ადრე შეტყობინებით, ან დაუყოვნებლივ, თუ ეს პირობები სერიოზულად დაირღვა.
- კომპანიის მიერ სარგებლობის დასრულების შემდეგ მის მონაცემებს ვინახავთ 60 დღე, რათა შესაძლებელი იყოს მათი გატანა ან კომპანიის ხელახლა გააქტიურება, შემდეგ კი ვშლით, გარდა იმისა, რისი შენახვაც კანონით გვევალება (მაგ., ინვოისები).
12. პირობების ცვლილება
შეიძლება ეს პირობები შევცვალოთ. მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ კომპანიის ადმინისტრატორებს შევატყობინებთ მინიმუმ 14 დღით ადრე. ამის შემდეგ მომსახურებით სარგებლობის გაგრძელება ნიშნავს ახალ პირობებზე თანხმობას.
13. სამართალი და დავები
ეს პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ნებისმიერი დავის მოგვარებას ჯერ მოლაპარაკებით შევეცდებით; თუ ეს ვერ მოხერხდა, დავას განიხილავს თბილისის სასამართლო. ეს პირობები შედგენილია ქართულად და ინგლისურად; მათ შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართულ ვერსიას.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
1. ვინ არის პასუხისმგებელი
მომსახურების მომხმარებელი ანგარიშებისა და კომპანიების პერსონალურ მონაცემებზე (სახელები, ელფოსტა, შესვლის ჩანაწერები, ანგარიშსწორება) პასუხისმგებელია შპს „უნიკრაფტი“. კომპანიის მიერ შეყვანილ საპროექტო მონაცემებზე (ჟურნალები, ფოტოები, კონტრაქტორები, მუშები და სხვ.) პასუხისმგებელია თავად კომპანია, ხოლო Unicraft მათ ამუშავებს კომპანიის სახელით და მისი მითითებით. კონტაქტი: [email protected].
2. რას ვაგროვებთ
- კომპანია: მისი სახელი (ქართულად და ინგლისურად), საიდენტიფიკაციო ან სარეგისტრაციო ნომერი (ფიზიკური პირისთვის - პირადი ნომერი) და ქვეყანა. ქართული კომპანიის სახელი აიღება საჯარო რეესტრიდან; ორივე ენაზე სახელის დასაწერად შეიძლება გამოვიყენოთ AI.
- ანგარიში: თქვენი სახელი (ქართულად და ინგლისურად), ელფოსტა, კომპანია, როლი, თანამდებობა, შესვლის დრო. პაროლს ჩვენი ავტორიზაციის პროვაიდერი ინახავს მხოლოდ დაშიფრული (ჰეშირებული) სახით; ჩვენ მას ვერასოდეს ვხედავთ.
- კომპანიის მიერ შეყვანილი საპროექტო მონაცემები: დღიური ჟურნალები, ფოტოები, დოკუმენტები, კონტრაქტორებისა და პერსონალის სახელები, გადახდები, ხარვეზები და შეფერხებები. ისინი შეიძლება შეიცავდეს იმ პირთა პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც მომხმარებლები არ არიან.
- AI ფუნქციების გამოყენება: რომელი ფუნქცია, ვინ და როდის გამოიყენა - თვიურ ლიმიტში ჩასათვლელად.
- თქვენს ბრაუზერში: სისტემა იმახსოვრებს თქვენს ენას, ბოლო პროექტსა და ბოლო კომპანიას ბრაუზერის მეხსიერებაში. არ ვიყენებთ სარეკლამო ან თვალთვალის ქუქიებს და ანალიტიკას.
3. რისთვის ვიყენებთ
მომსახურებისა და მისი ფუნქციების უზრუნველსაყოფად, თქვენი კომპანიის ადმინისტრატორებისთვის წვდომის მართვის შესაძლებლობის მისაცემად, თქვენი მხარდაჭერისთვის, კომპანიის ანგარიშსწორებისთვის და მომსახურების უსაფრთხოებისთვის. პერსონალურ მონაცემებს არ ვყიდით და რეკლამისთვის არ ვიყენებთ.
4. ვინ ხედავს
- თქვენი კომპანიის თანამშრომლები - იმ როლისა და პროექტების მიხედვით, რომლებსაც ადმინისტრატორი მიანიჭებს. სხვა კომპანიები თქვენი კომპანიის მონაცემებს ვერასოდეს ხედავენ.
- შემსრულებელი ფირმები, რომლებსაც თქვენი კომპანია თავის პროექტთან დააკავშირებს - მხოლოდ საკუთარი სამუშაო (იხ. პირობები, მე-4 პუნქტი).
- Unicraft-ის დამფუძნებლები და თანამშრომლები - მხოლოდ მხარდაჭერის, ანგარიშსწორებისა და უსაფრთხოებისთვის.
- მომსახურების მიმწოდებლები, რომლებიც ჩვენთვის მომსახურების ნაწილებს უზრუნველყოფენ:
- Supabase - მონაცემთა ბაზა და ავტორიზაცია. მონაცემები ინახება Amazon Web Services-ის სერვერებზე, ქ. ფრანკფურტში, გერმანია (ევროკავშირი).
- Cloudflare - ფოტოებისა და დოკუმენტების შენახვა.
- Google - AI ფუნქციები ამუშავებს მათთვის გაგზავნილ ტექსტს; ასევე ვებ-შრიფტები.
- ელფოსტის მომსახურების მიმწოდებელი - ჩვენი ელფოსტის ყუთი ([email protected]), საიდანაც იგზავნება შეტყობინებები (მაგ., რეგისტრაციის დადასტურება ან მოწვევა).
- GitHub - სისტემის გვერდების ჰოსტინგი; jsDelivr, Cloudflare და Tailwind - სისტემის პროგრამული ბიბლიოთეკების მიწოდება.
- საქართველოს ეროვნული ბანკი - ვალუტის კურსები (პერსონალური მონაცემები არ იგზავნება).
- სახელმწიფო ორგანოები - როცა ამას კანონი მოითხოვს.
5. მონაცემები საქართველოს ფარგლებს გარეთ
ამ მიმწოდებლების გამო მონაცემები ინახება და მუშავდება საქართველოს ფარგლებს გარეთ (ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები). ვიყენებთ მიმწოდებლებს, რომლებიც მონაცემებს იცავენ თავიანთი ხელშეკრულებებითა და უსაფრთხოების სტანდარტებით.
6. რამდენ ხანს ვინახავთ
სანამ თქვენი კომპანია მომსახურებით სარგებლობს და შემდეგ 60 დღე, რის შემდეგაც მონაცემები იშლება (იხ. პირობები, მე-11 პუნქტი). კანონით გათვალისწინებული ჩანაწერები, მაგ. ინვოისები, ინახება კანონით დადგენილი ვადით.
7. თქვენი უფლებები
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების ნახვა, გასწორება, წაშლა, მათი დამუშავების შეზღუდვა ან მასზე უარის თქმა და მათი გადატანად ფორმატში მიღება. თქვენი კომპანიის მიერ შეყვანილ საპროექტო მონაცემებთან დაკავშირებით ჯერ მიმართეთ თქვენი კომპანიის ადმინისტრატორს; ჩვენ მას დავეხმარებით. მოგვწერეთ: [email protected]. ასევე შეგიძლიათ საჩივრით მიმართოთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
8. უსაფრთხოება
კავშირები დაშიფრულია. თითოეული კომპანიის მონაცემებს ერთმანეთისგან თავად მონაცემთა ბაზა მიჯნავს, ყოველი ანგარიში ხედავს მხოლოდ იმას, რასაც მისი როლი უშვებს, ხოლო ფაილებზე წვდომა მხოლოდ მოკლევადიანი ხელმოწერილი ბმულებით ხდება.
9. ცვლილებები
ამ პოლიტიკას განვაახლებთ მომსახურების ცვლილებისას და მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ კომპანიის ადმინისტრატორებს შევატყობინებთ.